|
გავხდები: შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე. სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.
გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები; შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები; შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა, თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები: შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა, აბაზანში ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართAნ.
გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის , ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.
გავხდები დილის პირველი ყავა, და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული რომელიც გაგაიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები: შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა,ჯაზი ტანგო და როკი, თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი, თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე,ასანთის ღერი, ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები: თოვა ცისა და ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა გავხდები ,რაც იყო გუშინ? ტკივილი ,სევდა,სიბრაზე,ზიზღი... |